სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #5 პენიტენციურ დაწესებულებას ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებისთვის სპექტაკლი ტრაგიკომედია „დარისპანის გასაჭირი“ ითამაშეს.
თეატრალურმა დასმა დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ერთ მოქმედებად ითამაშა.
სპექტაკლის დასასრულს დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა თეატრის დასს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ მზადყოფნა გამოთქვა მომავალში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ითანამშრომლოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გვინდოდა, რომ ჩვენი სპექტალით მსჯავრდებული ქალბატონებისთვის სიხარული მიგვენიჭებინა. დაწესებულებაში ძალიან კარგი აუდიტორია დაგვხვდა. როგორც ვიცი, აქ არიან ქალბატონები შვილებთან ერთად. ჩვენ რეპერტუარში სხვადასხვა სპექტაკლი და ასევე თოჯინების თეატრი გვაქვს, ამიტომ სიამოვნებით ჩავატარებთ მომავალში მსგავს ღონისძიებას,“ – განაცხადა ირინე ჩხეიძემ.
ღონისძიება ხარაგაულის სახალხო თეატრის ინიციატივითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. (R)