ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 28 ივლისს, კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს, განსაკუთრებულად აღნიშნავენ. კახორის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სალოცავს 27 ივლისის ღამეს ასეულობით მომლოცველი აკითხავს, 28 ივლისს, აქ ღამისთევით ეგებებიან დღესასწაულს, კახორობას.
ლეგენდის თანახმად, თამარ მეფეს ორი კახელისთვის წმინდა ქვები გაუტანებია. კახელებს ეს მთა გადაუვლიათ და აქვე დაღუპულან. სახელი კახორი ამ ორი კახელის პატივსაცემად (კახ-ორი) დაურქმევიათ მისთვის. მოგვიანებით კახორის მთაზე წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი აუგიათ, ,, ჯაჭვი” გაუკეთებიათ და სალოცავისთვის სამშენებლო ქვა ხელიდან ხელში გადაწოდებით აუზიდავთ.
30-იან წლებში საბჭოთა აქტივისტებს აუფეთქებიათ და გაუნადგურებიათ ტაძარი, მხოლოდ ნანგრევებიღა შემორჩენილა, რომლის აღდგენა-რესტავრაცია 2008 წელს მოხდა.
მომლოცველთა დიდი რაოდენობით წლევანდელი კახორობაც გამორჩეული იყო.
ავტორი: ნინო ნანიტაშვილი