შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 38 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, ახალქალაქში – უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში – უკანონოდ გაჩეხილი, ნაძვის ჯიშის მრგვალი მორები, ახალციხესა და ბორჯომში კი, ადგილობრივების კუთვნილი სახერხი საამქროებიდან, უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით).