საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სისტემატურად, უკანონოდ მოიპოვებდა ხის მასალას. ხე-მასალის რეალიზაციისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებული ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ამზადებდა, რამაც მნიშვნელოვან ზიანი გამოიწვია.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 303-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.