დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება, შესაძლოა შეწყვიტოს, მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისიდან ეხმაურება.
როგორც ის ამბობს, დანაშაული სპეცრაზმელებმა ჩაიდინეს თუ არ ჩაიდინეს ეს არის მესამე ხარისხოვანი. მეორე და პირველი ხარისხია ვინც დაგეგმა, სახელმწიფომ. მე მოვითხოვ სახელმწიფომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული.
„პირველი დღიდან ვიძახდი და ვიძახი, რომ ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელსაც არ ვიცი რა სახელი დავარქვა. გული მერევა ამ ხელისუფლებაზე. ყოველთვის ვიძახდი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართალს ვერ მივაღწევ“,_ განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურასთან კომუნიკაცია არც მას და არც მის ადვოკატებს არ ჰქონიათ.
„ისინი როგორც ყოველთვის სირაქლემის პოზაში არიან, ხან ერთს აბრალებენ, ხან მეორეს. მაგრამ გამოძიების შეწყვეტას არც მე და არც ის ხალხი, რომელიც დღეს ჩემს გვერდით დგანან და იბრძვიან ამ სამართლისვის, არ დავუშვებთ. როგორც შემაჯამებელი დასკვნა გაამართლებენ თემირლანს თუ დაადანაშაულებენ, ეს დასკვნა მჭირდება მე სტრასბურგისთვის. ამას ველოდი და ველოდები. ხელისუფლებას ილუზიები ნუ ექნებათ“,_ განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.