ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
სოფელ ოზურგეთში, ბაილეთსა და ნასაკირალში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის მორიგი შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
სოფელ ოზურგეთის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ბაილეთში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაასახელა. დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები გამოჰყო. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები იქნება გათვალისწინებული.
მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ესწრებოდნენ.
მიმდინარე წელს დაბა ნასაკირალში და სოფელ ბაილეთში დაგეგმილია ამბულატორიების მშენებლობა; დაბა ნასაკირალში ასევე დაგეგმილია (600 მოსწავლეზე) გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა. 2019 წელს განხორციელდება გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები სოფელ ბაილეთში, სამშენებლო სამუშაოები კი 2020 წლისათვის დაიწყება. (R)