დღეს, დილიდან, ოზურგეთში კიდევ უფრო გაძვირდა ასპირინი. ერთი ფირფიტა, რომელშიც ათი აბია, 1ლარი და 20 თეთრი ღირს.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ასპირინის შეკვრები მწვანილისა და სხვა აგრარული პროდუქტის გამყიდველებს დიდი რაოდენობით უდევთ დახლებზე. სამაგიეროდ, აფთიაქებში გეუბნებიან, რომ არ აქვთ გაყიდვაში.
გაბრაზებული მოქალაქეები, რომლებიც შემოდგომის პერიოდში საზამთროდ შესანახ სხვადასხვა კერძებში იყენებენ ამ მედიკამენტს, გაბრაზებულები, ხმამაღლა გამოთქვამენ საყვედურებს, განსაკუთრებით დეპუტატობის კანდიდატთა მისამართით:
_რომ დარბიან გამწარებულები სკამების საძებრად და იძახიან, ყველაფერი უნდა შევცვალოთო, ა, ბატონო, შეცვალონ ელემენტარული რამ, ასპირინს დაუბრუნონ თავისი ფასი. რა უბედურებაა ეს? რის შემცვლელი არიან, პოზიციაა თუ ოპოზიცია, ხმა მისცე კიარა, ეს უხარისხო „კრახმალის“ აბი უნდა ჩატენო მაგათ პირში ისე, რომ მოდევნო არჩევნებამდე მაინც ვერ დაილაპარაკონ. ასპირინის თეთრი ფირფიტები, ყველამ იცის, რომ ქართული წარმოებისაა, არც ისე ხარისხიანია. წითელზოლებიანი ფირფიტები, რომელსაც უმჯობესად მიიჩნევენ, არსად ჩანს. იმას, ალბათ, მალე სამ ლარად მოგვყიდიან, _ ბრაზობენ ბაზრისა და მიმდებარე ქუჩებზე მოსიარულებნი.
კითხვას კიდევ უფრო აკონკრეტებენ რიგითი მოქალაქეები, ქალბატონები, რომლებიც ასპირინს, ძირითადად, კერძებისთვის დაეძებენ:
_ნიახურთან ერთად რომ იყიდება დახლებზე, თან მამასისხლად და აფთიაქებში არსადაა, ვინ გადასცა მწავანილის გამყიდველებს , ნეტა? ასე ღიად თავხედობა ყოველი მხრიდან, როგორ შეიძლება? იტყვიან ახლა, საზღვარგარეთაც, ყველა ქვეყანაში ასე ხდება, პანდემიააო… კორონას გამო ყიდულობენო… პასუხი წინასწარ აქვთ მოფიქრებული, _ გვეუბნებიან სოფლებიდან ჩამოსული ქალბატონები: ნონა ლომჯარია, ნარი მახარაძე და მაია სალუქვაძე .
სავარაუდოდ, როგორც საუბრობენ, ასპირინის კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი. ხოლო „მწვანილის დახლზე“ რა ფასად გამოიტანებენ, როგორც აქ უწოდებენ, „მეორე“ თუ „მესამე“ ხელის გადამყიდველები, ჯერ სავარაუდო ფასიც არ იციან.