ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.
დეპუტატების პრეტენზიამ, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტი არასწორად იყო დაგეგმილი, რის გამოც ოზურგეთში კრიზისია შექმნილი, ოზურგეთის მერი კონტანტინე შარაძენიძე გააღიზიანა.
მერმა საკრებულოს დეპუტატს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეს მარიკა ჩხიკვიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
_ შენ ხარ მხარე და ვისაც ამის გარჩევა არ შეუძლია იმას დავასხი თავს ლაფი, _ მიმართა შარაშენიძემ ჩხიკვიშვილს იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ შეიქმნა ბიუჯეტში კრიზისი.
_ გაჩერდი, ახლა, ჯობია. რადიო ხომ არ ხარ, გამორთე ახლა. წიკვინა ხარ შენ. შენ მოგიყვანეს ახლა საწიკვინოდ, _ ხმამაღალი ტონით მიმართავდა შარაშენიძე ჩხიკვიშვილს და საუბრის კითხვის დასრულებას არ აძლევდა.
სიტუაციის განმუხტვა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ სცადა და ოზურგეთის მერს კორექტულობისკენ მოუწოდა, თუმცა, შარაშენიძემ მასაც არ მოუსმინა და ბრალი კორუფციაში დადო:
_ შენ ხარ კორუმპირებული და დანაშაული გაქვს ჩადენილი, _ უთხრა შარაშენიძემ ღურჯუმელიძეს.
მიუხედავად ღურჯუმელიძის მოთხოვნისა, რომ კონკრეტული ფაქეტბი დაესახელებინა, შარაშენიძემ ფაქტები არ დაასახელა და დეპუტატების ლანძღვა გააგრძელა. ოზურგეთის მერი განსაკუთრებული აგრესიით მარიკა ჩხიკვიშვილის მიმართ გამოირჩეოდა, რომელიც ცდილობდა, რომ მიუხედავად მის მიმართ გახორციელებული მოქმედებისა მაინც დაესვა კითხვა დაესვა შარაშენიძესთვის, რისი საშუალებაც მერმა არ მისცა.
ამის გამო, ჩხიკვიშვილმა, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად ერთად სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მიუხედავად ამისა, სხდომაზე ხმაური ისევ გაგრძელდა.
ოზურგეთის მერმა, მის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ-ის დირექტორს, მამუკა გოგუაძეს “არაფრის მაქნისი”, კორუპირებული უწოდა და პარლამენტის დეპუტატის ნინო გოგუაძის (ნინო გოგუაძე მამუკა გოგუაძის შვილია) სახელით სპეკულირებაში დასდო ბრალი. შარაშენიძის თქმით, სოწრედ გოგუაძის ბრალია, რომ შპს “მერცხალში” რთული მდგომარეობაა შექმნილი.
სხდომაზე რთული და დაძაბული სიტუაციის გასამუხტად საკრებულოს თავმჯდომარემ 20-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რასაც შარაშენიძის პროტესტი მოჰყვა და ოზურგეთის მერი, ამჯერად, საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიას დაუპირისპირდა.
დარჩიას და შარაშენიძის დაპირისპირება ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და სიტუაციის განმუხტვაში დეპუტატების ჩარევაც გახდა საჭირო.