დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რამდენიმე სოფლის დეპუტატის მხრიდან, სერიოზული დავა მოჰყვა სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე საუბარს.
საკითხის ირგვლივ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა გოჩა აბაშმაძემ ისაუბრა.
რამდენიმე სოფლის დეპუტატმა (ნატანები, გურიანთა, დვაბზუ) განაცხადა, რომ მათ სოფელში ხალხს სულ სხვა მოთხოვნები ჰქონდა და აქ პრიორიტეტების გვერდის ავლით არის დაფიქსირებული, რა უნდა გაკეთდეს.
_იქნებ, გამაგებინოთ. დვაბზუში დავიბადე და იქ საექიმო ამბულატორია არ არის და რას არემონტებენ?– იკითხა მარიკა ჩხიკვიშვილმა.
განსაკუთრებით კატეგორიული იყო გურიანთის დეპუტატი, მაია ზოიძე. მან განაცხადა, რომ რაც მითითებულია, საერთოდ არ იყო პრიორიტეტი.
_მოვითხოვ, სოფლის კრება ჩატარდეს თავიდან, – თქვა მან.
გოჩა აბაშმაძემ პასუხად განაცხადა, რომ არის ხარვეზები, შეცდომები, თუმცა ეს აუცილებლად გასწორდება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ხალხი ითხოვს.