ხმაური იყო დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. ერთადერთი საკითხი, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17 სექტემბრის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ განსახილველად გამოიტანა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კობა ძიძიგურის პოსტიდან გადაყენებას ითვალისწინებდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კონსერვატორი კობა ძიძიგურის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ,, საქართველოსთვის” სახელით მონაწილეობის მიღებას. გახარიას გუნდში გადაბარგება დაუწუნა სახელისუფლებო პარტიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.
სხდომას ვნებათაღელვის გარეშე არ ჩაუვლია. ფრაქცია ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რომლებმაც თავის დროზე ასევე არ მიიღეს მონაწილეობა ძიძიგურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევაზე, დღესაც უარი თქვეს და ,, ქართულ ოცნებას” მისი გადაყენების მცდელობა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ჩაუთვალეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ძიძიგურის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგები აღმოჩნდნენ საკრებულოში ,, ევროპული საქართველოს” ლიდერებიც. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, ავთანდილ სტურუამ ღია პროტესტი გამოთქვა საკითხის მხარდაჭერაზე და ალექსანდრე ჯვარშეიშვილთან ერთად სხდომა კენჭისყრამდე დატოვა.
პოლიტიკურ დევნად არ აღიქვამს კობა ძიძიგურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან გაშვებას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გუნდის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა ზაზა ადეიშვილი. გუნდს დაუპირისპირდა დავით ამაღლობელიც.
კენჭისყრაში 20-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.
საკრებულოს ხმის დამთვლელმა დროებითმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგი გამოაცხადა, 15 მომხრე და 5 წინააღმდეგი, რითაც კობა ძიძიგური კვლავ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ რჩება.
[sexy_author_bio]