იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება.
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, ცვლილებებით იგეგმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის.
პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედება: პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით; განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით; ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.
მაია ბითაძის განმარტებით, დღეს არსებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს პრევენციულ ეფექტს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.