ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენს დღეს გამოიტანენ. სასამართლოს გადაწყვეტილება 11 საათზე გახდება ცნობილი.
მანამდე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა.
29 მაისს პროკურატურამ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ფოტო-ვიდეო მასალა გაასაჯაროვა. კადრებზე აღბეჭდილია ის ადგილები, სადაც დაპირისპირება მოხდა, ასევე ნაჩვენებია ნივთმტკიცებები, რომლებიც საქმეში დევს, მათ შორის დანა, რომლითაც მოზარდები მოკლეს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს.
მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.