დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის უსამართლობის და შურისძიების პროცესი, რომლიდანაც მოგებული არავინ და ვერავინ იქნება.
როგორც ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა, ქვეყნის წინსვლისთვის საჭიროა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა და შურისძიების დასრულება.
ამასთან, ხოშტარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არა უბრალოდ საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ ამ ქვეყანაში „შურისძიების ციკლის“ სამუდამოდ დასრულებაა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად მონახულება. მინდა გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემიძლია ვისაუბრო იმ პოლიტიკურ ამოცანებზე რაც ოპოზიციის – კოალიციის წინაშე დგას. ამ ქვეყანაში უფლებებიც იქნება გათელილი, არჩევნებიც არ იარსებებს, ადამიანების გაჭირვების მიმართ ყველა იქნება გულგრილი, ვიდრე ეს პოლიტიკური სისტემა არ შეიცვლება და ლეგიტიმური, სამართლიანად არჩეული ხელისუფლება არ გვეყოლება. ამიტომ ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების ამოცანა არის ძალიან მწვავე, აქტუალური და მნიშვნელოვანი, რისთვისაც ჩვენ რა თქმა უნდა, ვაპირებთ ბრძოლას. ასევე არის შუალედური უმნიშვნელოვანესი ამოცანები, რასაც ჩემი კოალიციური პარტნიორები საუბრობენ, ეს არის ბარიერის, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, სადაც ასევე თავხედურად იქცევა სამწუხაროდ ხელისუფლება და ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებების საკითხი, რასაც ჩვენ ვხედავთ მის მიმართ, ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების უფლებისა, ვისი უფლებებიც შეილახა და ვისაც ლეგიტიმური კითხვები გააჩნია მიხეილ სააკაშვილთან და წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში, ეს არის უსამართლობის და შურისძიების პროცესი, რომლიდანაც მოგებული არავინ და ვერავინ იქნება. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანაა საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, დავასრულოთ შურისძიება. მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არის არა უბრალოდ საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ ამ ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება. იმისთვის რომ ქვეყანამ წინ ვიაროთ, უნდა გამოვიდეს სააკაშვილი და წერტილი დაესვას შურისძიებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.