ბოლო დროს სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს 28 წლის ოზურგეთელი მხატვარი ია საჯაია. ის პროფესიით არქიტექტორია. დაამთავრა ქალაქ ოზურგეთის 1 საჯარო სკოლა და შემდეგ კი სწავლა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გააგრძელა.

გთავაზობთ ინტერვიუს მხატვარ ია საჯაიასთან.
_ ია, რამდენი წლის ასაკიდან ხატავთ?
_ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და დაახლოებით, 12 წლიდან სამხატვრო სკოლაშიც დავიწყე სწავლა.
_ რა იყო პირველი ნახატი, რომელიც თქვენ შექმენით?
_ ძირითადად, ნატურმორტებს ვხატავდი, ასევე, ძალიან მიყვარდა აბსტრაქტული ნახატების ხატვა.
_ ვინ შეგასწავლათ ხატვა?
_ პატარა ასაკიდან დედა მასწავლიდა ხატვას. სამხატვრო სკოლაში კი ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ქალბატონი მირანდა ვანიძე, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემი ხატვის სიყვარულზე.
_ რამდენად გიყვარს თქვენი პროფესია?
_ ხატვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმდენად, რომ ყოველთვის ვცდილობდი, ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიებს დავუფლებოდი, როგორებიცაა, მაგალითად: არქიტექტურა და გრაფიკული დიზაინი.

_ თქვენი საყვარელი მხატვარი და ნახატი…
_ საყვარელი მხატვარია ვინსენტ ვან გოგი და მისი „ვარსკვლავებიანი ღამე”.
_ ყოველდღე ხატავთ? რა ხდება, როცა მუზა მოდის?
_ როდესაც მუზა მომდის, ვცდილობ, ყველა საქმე გვერდზე გადავდო და დრო ხატვას დავუთმო.
_ რომელ ნახატს გამოარჩევდით და რატომ?

_ გამოვარჩევდი ბავშვობაში შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც ძალიან კარგ ემოციებს აღმიძრავს და დღემდე ვინახავ.
_ ვის უძღვნით თქვენ ნახატებს?
_ ხშირად ვხატავ მეგობრებისთვის, ახლობელი ადამიანებისთვის. სიამოვნებას მანიჭებს როდესაც ჩემი ნახატებით მათ გახარებას ვახერხებ.
_ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მხატვრები თავიანთ ნახატებს არ ჰყიდიან, თქვენ შემთხვევაში რა ხდება?

_ ჯერ არ გამიყიდია, თუმცა, ვფიქრობ ძალიან კარგია, როდესაც მხატვრები თავიანთი ნაშრომების რეალიზაციას ახდენენ.
_ რას გეგმავთ მომავალში?
_ ძალიან მიტაცებს გრაფიკულ პროგრამებში ხატვა, მინდა ამ კუთხით ვცადო ჩემი შესაძლებლობები და საჭირო გამოცდილება დავაგროვო.


































































