სიცივე და ყინვა, თავისთავად, გაციებას არ იწვევს. ყელი იმიტომ კი არ გტკივათ, რომ ყინვა შეისუნთქეთ, უსიამოვნებებს ის ვირუსები იწვევს, რომლებიც ზედა სასუნთქ ორგანოებში ხვდება. დაბალ ტემპერატურაზე ვირუსი უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე სიცხეში, ამიტომაც, სიცივეში ის გაცილებით აქტიურდება.
ვირუსებისა და მიკრობების გარდა, ორგანიზმზე ზედმეტად გამომშრალი ჰაერიც მოქმედებს – სხვადასხვა სახის გამათბობლები ოთახში ჰაერს აშრობს და სასუნთქ გზებს აზიანებს. რაც ხშირად დააცემინებთ, მით უკეთესი, რადგან დაცემინება სასუნთქი ორგანოს ბუნებრივი, თავდაცვითი რეფლექსია. მისი მიზანია, გამოდევნოს ყელიდან და ცხვირიდან „მტრები”. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, დაცემინებისას პირზე ცხვირსახოცი აიფაროთ. ასევე, გახსოვდეთ, რომ:
გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცები და ყოველი დაცემინების შემდეგ გამოცვალეთ ის, შემდეგ კი დაიბანეთ ხელები.
თუ ხელსახოცის ამოღებას ვერ ასწრებთ, პირზე ხელი აიფარეთ, მერე კი სასწრაფოდ დაიბანეთ საპნით.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელიდან ნუ მოიხსნით ხელთათმანს, რადგან სახელურებზე ბევრი სიცოცხლისუნარიანი მიკრობია.
ნუ მიეჩვევით ცხვირის წვეთებს. ის სწრაფად ხსნის სასუნთქ გზებს, მაგრამ ართულებს განკურნების პროცესს.
გრიპის მორჩენა ორ–სამ დღეში პრაქტიკულად შეუძლებელია. ანტიბიოტიკები საკმაოდ ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მაგრამ აბსოლუტურად უძლურია ვირუსების წინაშე. ამიტომ, ტყუილად ნუ გაიჭყიპებით წამლებით, რადგან ანტიბიოტიკი დასუსტებულ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს – იწვევს ალერგიებს და დისბაქტერიოზს.
გრიპის ვირუსი თავს იჩენს ორგანიზმში მოხვედრიდან 18-24 საათის შემდეგ. აქტიურდება 48 საათის შემდეგ, ზენიტშია მეორე–მესამე დღეს, მეოთხე დღიდან კი უკან დახევას იწყებს.
ავტორი