ბავშვებზე პოლიტიკური ინტერესის მაძიებელთა “ზრუნვა” მათ უპირატეს ინტერესს დააზიანებს. მათზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება აქვთ,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
„ნინოწმინდის პანსიონში სოც.მუშაკების და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად პასუხისმგებელი უწყებები ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ამ მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავის საზედამხედველო ფუნქციას უწყვეტად შეასრულებს. თუმცა ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მონიტორინგს არ ანაცვლებს.
ვფიქრობ, ყველა ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი მომავალი აინტერესებს, საკითხის შესწავლას ხელს შეუწყობს და მომავალი თაობის ბედით მინიმუმ არ “ითამაშებს”“,_ განაცხადა ხუნდაძემ.