ხვალიდან, 14 აგვიტოდან, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
საქმე ისაა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ოთხ სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
როგორც ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ გვითხრა, საკოორდინაციო საბჭოს ზემონახსენები გადაწყვეტილებით, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ლანჩხუთშიც შეზღუდული იქნება სამი კვირის ვადით.
შიდა ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება გააჩინა.
„ამ ვირუსის გამო ძალიან შეშინებულები კი ვართ, მაგრამ მაინც ვერ ვიწონებთ ამ გადაწყვეტილებას. ტრანსპორტი თუ არ იქნა, სოფლიდან მუნიციპალურ ცენტრამდე როგორ ჩამოვიდეთ?! ტაქსის ფული ყველას ხომ არ აქ?! არც მანქანები გვყავს უმეტესობას. ისეთი დროა და ისეა ხალხი შეშინებული, გზაზე მანქანასაც არ გაგიჩერებს ნაცნობიც კი. არც გაემტყუნებათ, ყველა თავს უფრთხილდება ამ ვირუსის გადამკიდე“-ამბობს სოფლის მოსახლეობა, ვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს მგზავრობა.
[sexy_author_bio]