ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები სომხეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს.
22 მარტს, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიში და ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად უპასუხა.
საქართველოს ნაკრების შემტევი, გუნდის კაპიტანთან, გურამ კაშიასთან ერთად გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ ხვალინდელ შეხვედრაში უბრუნდება.
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): “ძალიან მოგვენატრა დინამო არენა, სადაც საბერძნეთთან ისტორიული თამაშის შემდეგ არ გვითამაშია. ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მოედანზე და დაიწყება შეხვედრა. ბედნიერები ვართ აქ დაბრუნებით. ამ სტადიონთან ბევრი ემოცია გვაკავშირებს და ეს სასიხარულოა თითოეული ფეხბურთელისთვის.
პსჟ-ში გადასვლით ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. ბედნიერი ვარ, რადგან პატივს მცემენ და ეს მეხმარება რომ მეტი ვიშრომო და კონცენტრირებული ვიყო მხოლოდ ფეხბურთზე. დიდი გამოცდილება ასეთ ფეხბურთელებთან თამაში, ბევრს ვსწავლობ და ვცდილობ ეს ნაკრებში გამოვიყენო”.
შეგახსენებთ, რომ ერევანში ჩატარებული პირველი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 0:3. საქართველო – სომხეთის საპასუხო დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.