9 ივნისს ოზურგეთის ბაზარში, უკვე აგრესიულობით ცნობილმა შავმა ძაღლმა კიდევ ერთი ქალბატონი დაკბინა, რომელიც სასწრაფო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 10 ივნისს კი გოგონას ეცა და ადგილზე მყოფმა ადამიანებმა თუ იქვე მომუშავეებმა იმარჯვეს, რომ კიდევ ერთი მოქალქე არ გადაეყვანათ საავადმყოფოში.
„გურია ნიუსი“ ბოლო თვეების მანძილზე, არაერთხელ წერდა და წერს კონკრეტულად ამ აგრესიული ძაღლის შესახებ.
ოზურგეთის მომსახურების ცენტრში, ცხოველების მონიტორინგის განყოფილებაში, ყოველთვის გვპირდებიან დახმარებას. შემდეგ გადაჰყავთ ეს ძაღლი თავშესაფარში და სამ დღეში უკან აბრუნებენ. ძაღლის სიავე კი გრძელდება და უკვე მეოთხე ადამიანი დაკბინა.
_ოზურგეთის ბაზრიდან ეს შავი ძაღლი ვერ მოგვაშორეს. რანაირად ვიმკითხაოთ, როდის მოუვლის აგრესია? ჭამა არ აკლია და ფერება. რაღაც სჭირს და ბოლოს და ბოლოს, ან გაანეიტრალონ ან თავად შინ წაიყვანონ შესაბამისმა სამსახურებმა“, _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის ბაზარში.
ჩვენ, წინა ასეთი შემთხვევის დროს, ოზურგეთის მომსახურების ცენტრში, შესაბამისი განყოფილების უფროსს ირაკლი გაბედავას ვესაუბრეთ და მან განაცხადა, რომ ამიერიდან ამ აგრესიულ ძაღლს ბაზარში არ გააჩერებდნენ. თუმცა, სამ დღეში მაინც იქ გამოჩნდა. სამიოდე დღის შემდეგ კი მოქალაქე კიდევ დაკბინა.
ახლა ბატონი ირაკლი გაბედავა საერთოდ არ პასუხობს ჩვენს ზარს. მომსახურების ცენტრის უფროსმა კი გვითხრა, მარტო თქვენ რომ წერთ, „ფორმა ასი“ მოიტანოს დაზარალებულმაო.
უკვე მერამდენეა ეს ადამიანი, რომელიც ამ ძაღლმა დაკბინა და სასწრაფო დახმარებით ოზურგეთს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა „ფორმა ასის“ გასაკეთებლად უნდა წავიდეს, რომ აგრესიული ძაღლის კბენის ფაქტი დამტკიცდეს?
და საერთოდ, რამდენი ადამიანის დაკბენა იქნება ლიმიტი, რომ ეს აგრესიული ცხოველი ქალაქის ცენტრიდან გაიყვანონ და გაატარონ ასეთ დროს საჭირო ღონისძიება?
ავტორი