გენერალური პროკურატურის მიერ ავთანდილ წერეთლის წინაღმდეგ საქმის აღძვრას, ტვ პირველის მფლობელი ეხმაურება. ვატო წერეთელი საქმეს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ პროცესი ტვ პირველს უკავშირდება.
“ყველაფერს აკეთებთ მესამე წელია. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში,”-წერს ვატო წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო, ტვ1-ის მფლობელის მამისთვის, ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენების თაობაზე.
ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს 18:00 საათზეა დაბარებული, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება.
წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა.
„გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე“, – განაცხადეს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით 19:00 საათზე არიან დაბარებული პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, ისინი უწყებაში მივლენ.