კიევში აფეთქებების ხმა ისმის _ ჩამოგდებული რუსული საფრენი აპარატის ნაწილები, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
უკრაინის დედაქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ UNIAN წერს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქებები ზედიზედ რამდენიმე წამის ინტერვალით იყო ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 4:22 საათზე. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, თავდაცვის საჰაერო სისტემამ კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ის კიევის ერთ-ერთ რაიონში, დარნიცკის რაიონში ჩამოვარდა. საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად აპარატის ნაწილები 9-სართულიან შენობას დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.
როგორც unian წერს, აფეთქებები ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში.
ქალაქ სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკმა თქვა, რომ რუსებმა ქალაქი კონოტოპი აიღეს და სეპარატისტები კიევისკენ მიემართებოდნენ. მისივე თქმით, სუმის დასახლებები ალყაშია.
კიევის შემდეგ საგანგაშო სირენების ხმა ისმის ოდესაშიც, რაც მოსახლეობას მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს.