ამ წუთებში, არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტებს ხვდება.
მან ექსპერტებთან შეხვედრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა.
გიორგი ტატუნაშვილის თქმით, მისი შვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.
მას მიაჩნია, რომ ცხედარს შუბლზე საკონტროლო გასროლის შედეგად მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, ცხვირი კი, მისი არ იყო. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებები ნახსენები არ არის.
„მე ვაპირებ შეხვედრას, რომ გამარკვიონ ნატყვიარია თუ რა არის ის, წრეები რომ ეტყობა შუბლზე… თავიდან არ ეტყობოდა და მერე თანდათანობით მკვეთრად გამოისახა, ბოლო დღეებში უფრო – დაკრძალვის წინა დღეებში.
ცხვირთან დაკავშირებით – ფოტოზე ხომ ეტყობა, როგორი ცხვირი ჰქონდა, ცხედარი გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით. ცხვირი არ იყო თავისი. რუსეთიდან გადმოცემულ დასკვნაშიც ასე წერია _ ცხვირი მთელიო. როგორ იყო მთელი?!… აწამეს სასტიკად, უღმერთოდ აწამეს, ვერ გატეხეს, ვერ მიაღწიეს თავიანთ საწადელს, ვერ ათქმევინეს ის, რაც თვითონ სურდათ, გაიმეტეს სასიკვდილოდ და აწამეს. სასტიკად არის ნაწამები, ფოტოსურათები ვნახე – ერთი ადგილი არ აქვს მთელი“,_ აცხადებდა გუშინ არჩილ ტატუნაშვილის მამა.
სამხარაულის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნის მიხედვით, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება აღენიშნება.
დოკუმენტის მიხედვით, ეს დაზიანებები ტატუნაშვილს მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად აქვს მიყენებული, რაც სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზი გახდა.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტები კომპლექსურ-კომისიური კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი თებერვალში, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში, ციხეში ცემის შემდეგ გარდაიცვალა.