თებერვალში რამდენიმე მკვლევარმა გურიაში კლიმატის კრიზისისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ურთიერთკავშირის კვლევა განახორციელა.
კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს 15 მარტს, ქუთაისში, “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე წარუდგინეს.
“თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ კვლევა უნდა ჩაგვეტარებინა მაღალმთიან აჭარაში, ხულოში და გურიაში. საველე კვლევისთვის ვეძებდით ისეთ ლოკაციას, რომელსაც უკვე ჰქონდა წარსულში მეწყრის გამოცდილება, მომხდარიიყო წყალდიდობა, არსებობდა ჰესებთან დაკავშირებული პრობლემა.
რამდენიმე სოფელი ავარჩიეთ, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე პრობლემური იყო. თებერვალში ჩავატარეთ საველე კვლევა, მაგრამ ამ პერიოდში ხულოში უკვე თოვლი იყო და გადავწყვიტეთ, გურიაში რამდენიმე სოფელი გამოგვეკვლია, მნიშვნელოვანი კრიზისული ადგილები მოგვენიშნა.
რამდენიმე დარგის სპეციალისტი ერთად ვაკვირდებოდით სოფლებში მიმდინარე მოვლენებს. მე სოციალური კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ მძიმე სოციალური ეკონომიკური ფონი, რაც გურიაშია _ მოსახლეობის შემცირება, საცხოვრისთან დაკავშირებული გამოწვევები, უფრო მეტად იკვეთება და პრობლემური ხდება ბუნებრივი კატასტროფების დროს”, _ ამბობს ჩვენთან საუბარში მკვლევარი, სოციოლოგი ნათია კეკენაძე.
კვლევამ გურიის რამდენიმე სოფელი მოიცვა. ეს სოფლებია ხორეთი, ხიდისთავი (საშუალა ჰესები), ნაგომარი, ბაილათი, სილაური.
მკვლევარი ნათია კეკენაძე გვეუბნება, რომ ადგილობრივებმა ხშირად არ იციან, მდინარეებზე სამუშაოებისთვის გაცემულია თუ არა შესაბამისი ლიცენზიები, ხოლო თუ მოპოვება კანონიერია, მაშინ უკონტროლოდ ხორციელდება, რადგან არ ხდება მონიტორინგი. აქამდე იყო პერიოდი, როცა პროტესტი უჩნდებოდათ, ახლა კი ტექნიკის ხმა, რომელიც მდინარეში მუშაობს, მათთვის სიახლე კი არა, არამედ ავის მომასწავებელი ხმაა.
“მდინარე სულ აღარ ჰგავს იმას, რაც ადრე იყო. მიწას (ქვა–ხრეში) რომ იღებენ, ნაპირები იშლება, სახლები, სასაფლაოები მიაქვს, თხილის პლანტაციები მიაქვს, წაბლის ხეები მიაქვს, მდინარე სულ უფრო ბინძურდება”, _ ამბობენ მკვლევარ ნათია კეკენიძის თქმით, სოფელ ხორეთში.
კვლევის შესახებ ისაუბრა ჰიდროლოგმა ნიკა წითელაშვილმაც.
“ძირითადად შევისწავლეთ, როგორც სუფსის წყალშემკრები აუზი, ასევე ,მისი გვერდითი შენაკადები, სადაც მოწყობილია საშუალა – 1, საშუალა -2 ჰესები. ძირითადად, სუფის ხეობაში, მკვეთრად არის გამოხატული მდინარის გვერდითი ეროზია, განსაკუთრებით, მდინარის მარცხენა სანაპიროზე, სადაც პირველი ტერასა საკმაოდ მაღალზე მდებარეობს. დაკვირვებით ჩანს, რომ ეს პირველი ტერასა, მოსახლეობის მიერ ათვისებული იყო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. განსაკუთრებით ჰქონდათ თხილის პლანტაციები, სიმინდის ყანები. ასევე,
ისიც უნდა ითქვას, რომ ხდება ინერტული მასალის მოპოვება და ამ შემთხვევაში პრობლემაა, როგორ მოიპოვებენ ინერტულ მასალას.
ხშირ შემთხვევაში პრობლემა გამომდინარეობდა იქედან, რომ წარმოიქმნა ხელოვნური სიღრმეები, სადაც წყალი გროვდებოდა; მეორე პრობლემა, რომელიც კარგად გამოისახა, ეს არის მდინარეთა გარკვეული მონაკვეთების გასწორხაზოვნება, რაც იწვევს მდინარის მახასიათებლების ცვლილებას, წყლის სიჩქარის მომატებას, რაც მაპროვოცირებელია სიღრმითი ეროზიების განვითარების.
პრობლემა გამძაფრდა იმითაც, რომ ჭალის ტყე სრულად დეგრადირებულია. მდინარის მარცხენა ნაპირზე ეროზიული პროცესები დაწყებულია მეორე ტერასაზეც, როცა პირველი ტერასა, არის ყველაზე მეტად მოწყვლადი წყალდიდობების დროს და პროცესს მეორე ტერსამდე ვერ უნდა მიეღწია, მაგრამ ეს უმეტესად განპირობებულია იმით, რომ ჭალის ტყის ნაცვლად სიმინდის ყანებია გაშენებული. ერთწლოვანი მცენარეები კი ვერ ახერხებს მდინარის შეკავებას.
სუფსის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე, ჩოხატაურიდან მოყოლებული ჩოჩხათისკენ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა ინერტული მასალის მოპოვება გარკვეული მანძილების დაშორებით. მაგალითად, ხიდებთან მიმართებაში, კანონმდებლობის მიხედვით, ხიდის ზემოთ და ქვემო მიმართულებით, 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ინერტული მასალის მოპოვება, მაგრამ თუ იმ 100 მეტრის მოშორებითაც არასწორად მოიპოვებენ ინერტულ მასალას, გავლენა აქვს უკვე ხიდის ბურჯზე და მის ჰიდროტექნიკურ მდგრადობაზე”, _ ამბობს ნიკა წითელაშვილი.
როგორც ჰიდროლოგი ჩვენთან საუბარში ამბობს, მნიშვნელოვანია რომ მდინარის ჭალებს მოსახლეობა განსაკუთრებით გაზაფხულზე მოერიდოს.
“გაზაფხულზე, მარტის ბოლოდან ივნისის ბოლომდე წყალდიდობების სეზონია. გარდა ამისა, სიფრთხილეა საჭირო, როცა მთაში თოვლი დნობას აქტიურად დაიწყებს, რადგან ასეთ დროს მდინარეში წყლის დონე ძალიან მატულობს. ამიტომ აუცილებელია, ადამიანები განსაკუთრებით მოერიდნონ მდინარის ჭალას და კალაპოტებს”, _ ამბობს ნიკა წითელაშვილი ჩვენთან საუბრის დროს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ბუნებრივი კატასტროფების, გარემოს დეგრადაციისა და სხვა ჩარევების შედეგად, გარემო ხშირად უძლურია განაახლოს რესურსები იმავე სისწრაფით, რა სისწრაფითაც ამოიღება.
კვლევის ინტერვიუებში გამოიკვეთა საერთო მოსაზრებები:
“ზაფხულში ხანგრძლივი გვალვები და შემოდგომაზე უხვი წვიმები ნიადაგის ეროზიას იწვევს, რაც რთულ პირობებს უქმნის სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, უზღუდავს საკვებსა და საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობას;
მდინარეები, განსაკუთრებით სუფსა და ნატანები, უკვე მნიშვნელოვნად დაზიანებულია ქვიშა-ხრეშის უკონტროლო მოპოვების გამო.
ადგილობრივების თქმით, მდინარეების კალაპოტი იცვლება, ნაპირები იშლება, რაც ზრდის სოფლების “გამორეცხვის” რისკს; მათთვის ჰესები ასოცირებულია მეწყერებთან და ღვარცოფებთან;
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ პატარა მდინარეები, რომლებიც სოფლებისთვის სასიცოცხლოა უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია.
რესპონდენტები თვლიან , რომ მათი ინტერესები არ არის გათვალისწინებული , როცა ქვიშა –ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაიცემა და ჰესების მშენებლობა იგეგმება” .
რესპონდენტთა ნაწილი აქტიურად გამოხატავს მონაწილეობის სურვილს ქვა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებულ შეხვედრებში და ღიად გამოხატავს პროტესტს;
განსახლების პოლიტიკა და უკმაყოფილება;
ბევრი ადგილობრივი მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებულია ეძებოს სხვა საარსებო წყაროები ან ემიგრაციაში წავიდეს .
რაც შეეხება საველე გასვლის შედეგებს, კვლევაში ნათქვამია, რომ:
“სოფელ სილაურში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშის მოპოვება, ცუდი მდგომარეობაა. სოფლის ხიდიდან დაახლოებით 200 მეტრში იწყება ინერტული მასალის მოპოვება ბუნებაში უხეში ჩარევებით. მდინარის მესამე ტერასიდან იწყება ჭალის ტყეების გაჩეხვა, მურყანის ათეული მოჭრილი ხეების სახით. მდინარის პირველ და მეორე ტერასაზე თითქმის განადგურებულია მერქნიანი მცენარეები და ნიადაგის ნაყოფიერი ფენა აღარ არსებობს. არ არის დასაწყობებული ჰუმუსოვანი ფენა, რომლის რეკულტივაციის აუცილებლობა კომპანიას ევალება “ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენების და რეკულტივაციის შესახებ” საქართველოს დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების მიხედვით.
სოფელი მოედანი _ მდინარე სუფსის ჭალის ტყეები გაჩეხილია სოფლის მხრიდან. გაჩეხილი მურყნის ნაცვლად ახალგაზრდა კულტივირებული თხილის ნერგებია ჩაყრილი, რაზეც აქა-იქ ბუნებრივი მურყნის აღმონაცენებიც მეტყველებს. სუფსის ამ მონაკვეთზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ფაქტებსაც გადავაწყდით.
სოფელი ბაილეთი _ კულტივირებული თხილი, კლიმატის ცვლილების ფონზე გაველურდა და უკონტროლოდ მოედო მისი ამონაყარი. მოსახლეობას უჭირს თხილის ამონაყართან გამკლავება”.
როგორც მკვლევარები ამბობენ, დეგრადაციის და კლიმატის ცვლილების შედეგად, მდინარე სუფსა ნელ-ნელა ჩამოშლის ნაპირს, რადგან აღარ არსებობს ჭალის ტყე, რომლის ფესვებიც ამ პროცესს შეაკავებს, გააქრობს მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს. პროცესი უკვე დაწყებულია.
ამას გარდა, ადგილობრივ ბუნებრივად გავრცელებულ სახეობებთან შედარებით, კულტივირებულ თხილს არ აქცს ნიადაგდამცველობითი ფუნქცია, სუსტი ფესვთა სისტემის გამო. აქედან გამომდინარე, ხელოვნურად კულტივირებული თუ ბუნებრივად გავრცელებული თხილი, მდინარის ჭალების განადგურებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, კრიზისების დაძლევის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიდგომას წარმოადგენს ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NBS) დანერგვა.
NBS _ ესაა ბუნებიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელსაც სარგებელი მოაქვს როგორც ეკოსისტემებისათვის, აგრეთვე, ადამიანებისთვის. ესაა ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს ბუნებრივი და მოდიფიცირებული ეკოსისტემების დაცვას, მდგრად მართვას და აღდგენას, ისეთი ფორმით, რომ ეს ეფექტურად და ადაპტირებულად უპასუხოს საზოგადოებრივ გამოწვევებს და ამავე დროს, უზრუნველყოს როგორც ადამიანთა კეთილდღეობა, ისე მრავალფეროვნების დაცვა.
კვლევის მიხედვით, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები გურიაში შემდეგი შეიძლება იყოს: ტყის აღდგენა, ჭალის ზონების დაცვა, ნიადაგდაცვითი ზოლების შექმნა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნების კორიდორების განვითარება, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
მკვლევარების თქმით, ამ ყველაფერს ერთობლივად შეუძლია, როგორც კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენის შერბილება, ისე ადგილობრივი თემების კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის მომატება.
ინფორმაციისთვის, 2023 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეულია 180 დასახლებული პუნქტი, მათ შორის საშიშროების მიხედვით, მაღალი _ 56, საშუალო _ 61, დაბალი _ 63, ძალიან დაბალი _13.
ავტორი