კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს
ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები.
ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე.
მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე.
გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.
სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია .
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს “მთავარი არხის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.