პარლამენტის თავმჯდომარემ, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ბეგი სიორიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს.
პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს და ბეგი სიორიძეს არჩევნებში წარმატება უსურვეს.
“ჩვენ წარმოდგენილი გვყავს კანდიდატი, რომელიც სამი წლის განმავლობაში იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, ის 12 ნოემბერს აუცილებლად გაიმარჯვებს.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგიწყებთ მითითებას, რა უნდა გააკეთოთ და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ _ თქვენ ზრდასრული ადამიანები ბრძანდებით და გურულები პოლიტიკაში ერთ-ერთი საუკეთესოები ხართ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ”, _ განაცხადა კახა კალაძემ.
“ბეგი სიორიძე იყო ოზურგეთის ღირსეული მერი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთი შემართებით გააგრძელებს საქმიანობას ოზურგეთის განვითარებისთვის მომდევნო ოთხი წელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოზურგეთელი ამომრჩეველი 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს მას ნდობას”, _ აღნიშნა კობახიძემ.