საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძის კომენტარს ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, გურიაში გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია.
„კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასევე, ელექტროენერგიის აღდგენა. ორშაბათისთვის, დაახლოებით, 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ეს რაოდენობა შემცირებულია, დაახლოებით, 10 000-მდე. ინტენსიურად წარიმართება აღდგენის სამუშაოები, მთავარია, რომ გაგრძელდეს, ვინაიდან, 10 000-მდე აბონენტია, ვისაც დღემდე არ აქვს დღეს ელექტროენერგია და ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ შეკრებაზე. სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, იქნება მოსახლეობა უზრუნველყოფილი სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობს, გამოძახებებზე რეაგირებენ შეფერხებების გარეშე. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, გაგრძელდეს ინტენსიური სამუშაოები,”– განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით პრემიერმა კობახიძემ.



































































