მიხეილ სააკაშვილმა იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია – ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი.
„ე.წ. პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია. მათ შორის, წავიკითხე, რომ ის შვილთან დაკავშირებით საუბრობდა და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზეც“,- აღნიშნავს კობახიძე.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ამასთან ის პუტინის ტყვეობაში იმყოფება და რუსული პროკურატურის და სასამართლოს წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, კობახიძე პასუხობს: „თქვენ თუ ხვდებით რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი?! არ შემიძლია ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო”.