„როდესაც ოპოზიცია საუბრობს ცვლილებების ჩაგდებაზე, ბუნებრივია ეს არის მუქარა საზოგადოების მიმართ და ეს მუქარა არ არის სწორი. რაც შეეხება იმას, თუ ვისი პასუხისმგებლობა იქნება, ეს იქნება ოპოზიციის პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, ამით რაიმე რადიკალურად არ შეიცვლება პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში, მაგრამ ეს იქნება ხაზგასმით ოპოზიციის პასუხისმგებლობა, თუ მათ ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებები”,-ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშნელოვანია, რომ ოპოზიციამაც შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული.
„მათემატიკურად რომ გავყვეთ, ნაცმოძრაობას და მის განშტოებას ჯამში აქვთ 27 ხმა პარლამენტში. 113 ხმა არის საჭირო ამისთვის და მათემატიკურად თუ გავყვებით, შეიძლება არც ჩავარდეს, მაგრამ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათაც შეასრულონ ის ვალდებულება, რომელიც არის ჩადებული ჩვენს მიერ გაფორმებულ შეთანხმებაში და მათ ხელი აქვთ მოწერილი ძალიან მკაფიოდ შეთანხმებაზე, რომის მიხედვითაც მათ მხარი უნდა დაუჭირონ იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც არის ასახული ამ შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ეს არის მათი პასუხისმგებლობა”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.