ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები და ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა.
„ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება. ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.