სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, საკომიტეტო მოსმენაზე, ყურადღება სამსახურის ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდაზე გაამახვილა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.
მისი განცხადებით, ევროკომიის 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ეხება. სწორედ ამ მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული.
გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების, ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობით გამოწვეული მიზნების დასაძლევად და უწყების ფუნქციური დამოუკიდებლობის უფრო მეტი კომპონენტის მოსაპოვებლად, სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა, რომლის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.
„საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი გაიზარდა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების უფლებამოსილება მიენიჭა. ეს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს დაუქვემდებაროს,” – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.
როგორც კოკა კაციტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიების უფლება მიენიჭა, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურებას, უკანონო დაკავებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და სამსახურებრივ სიყალბეს უკავშირდება.
ცვლილების მიხედვით, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებს სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძიებს, თუ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ჩაიდენს.
მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, „პატიმრობის კოდექსში” ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად, სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცათ, რათა მათ პატიმრების საჩივრებთან დაკავშირებით დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ.