,,მე თავს ვეღარ მოვიაზრებ რესპუბლიკელად“ – ამის შესახებ აშშ–ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, რესპუბლიკელმა კოლინ პაუელმა CNN–თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზი კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმაა
“ტრამპის მხარდამჭერები თავს დაესხნენ კაპიტოლიუმს, რის გამოც, თავს ვეღარ მოვიაზრებ რესპუბლიკელად. უბრალოდ მოქალაქე ვარ, რომელიც ადრე ხმას აძლევდა რესპუბლიკელებს, შემდეგ კი დემოკრატებს. ამჟამად მე ჩემს ქვეყანაზე ვარ ორიენტირებული და არა პარტიებზე” – განაცხადა კოლინ პაუელმა
როგორც ცნობილია, კოლინ პაუელი აშშ–ის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი სახელმწიფო მდივანი იყო. მან აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არაერთხელ გააკრიტიკა.
2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ხმა ჯო ბაიდენს მისცა.
ცნობისთვის, კოლინ პაულელი, განიხილებოდა პრეზიდენტობის კანდიდატადაც
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში 6 იანვარს, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.