როგორც უკვე ვწერდით, სენაკის #1საარჩევნო უბნიდან „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ჯემალ ღამბაშიძე გამოაძევეს. გამოძევების მიზეზად “პროვოკაციის მოწყობა“ დასდეს ბრალად და კომისიის თავმჯდომარემ მისი გაძევება განახორციელა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას მობილურ ტელეფონზე განათება ჩაერთო, რაც კომისიის თავმჯდომარემ “გადაღებად“ მიიჩნია და რადგან, მისი აზრით, “ჟურნალისტს უბანზე გადაღების უფლება არ აქვს“, ღამბაშიძე უბნიდან გამოაძევა.
ჟურნალისტმა ცადა, ისევ შესულიყო უბანზე და გაცნობოდა ოქმს, თუ რა ედო საფუძვლად მის გამოძევებას და აწერდნენ თუ არა ხელს კომისიის წევრები ამ ოქმს; ამასთან, ჩვენ გავაკეთეთ უბანზე შესვლის და საარჩევნო ადმინისტრაციასთან გასაუბრების სრული აუდიოჩანაწერი. როგორც აუდიოჩანაწერში ისმის, ჟურნალისტს ოქმის გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევენ და ისმის, რომ კომისიის წევრები ახლა, თითქმის ერთი საათის შემდეგ აწერენ ხელს გაძევების ოქმს. ისინი ჟურნალისტს ეუბნებიან, რომ “ოქმი აიტვირთება და მაშინ ექნება მისი გაცნობის შესაძლებლობა“. ამ მოთხოვნის გამო გაღიზიანებული ადმინისტრაციის წარმომადგენლების დასაშოშმინებლად და კენჭისყრის პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ჟურნალისტმა უბანი დატოვა, თუმცა ის ისევ რჩება უბანთან.
ამ ფაქტის შესახებ “გურია ნიუსმა“ ცესკო-ს აცნობა, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ იციან და მათგან რეაგირებას ისევ ველოდებით.
[sexy_author_bio]