ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ცვლილების შედეგად, საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის/საბჭოს ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო”, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ, საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას და ის განისაზღვრება, როგორც „საპენსიო ფონდი”.
„აღნიშნული სახელწოდება უფრო ზუსტად ასახავს თუ რას არეგულირებს კანონი და რას ემსახურება აღნიშნული კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, ასევე აღნიშნული სახელწოდება შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.