ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე III – საბოლოო მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ რაიმე შენიშნები ან რედაქციული ცვლილებები პროექტში არ შესულა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილება განპირობებულია საერთაშორისო ვალდებულებებით და ასახავს გაეროს კონვენციებში შეტანილ ცვლილებებს. კერძოდ, 2020 წელს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ” ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ” კონვენციების, ასევე „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის” 1988 წლის კონვენციის თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს.