ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ქმნის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, რათა მათ ადაპტირებული ნაწარმოებები მისაწვდომ ფორმატში მოიპოვონ.
კანონპროექტით, აღნიშნული სამართლებრივი რეჟიმის ქმედითობას უზრუნველყოფს ორი სპეციალური სუბიექტი – ბენეფიციარი და ავტორიზებული პირი. ბენეფიციარს უფლება ენიჭება, მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით განახორციელოს ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში, მეორე მხრივ, ადგილობრივი თუ სხვა ქვეყნის ავტორიზებული პირებისგან მიიღოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები. ბენეფიციარს არ ექნება უფლება მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოები გაავრცელოს.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, „საქპატენტს” ავალდებულებს, ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს ადგილობრივი ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა, ასევე, მის ხელთ არსებული ინფორმაციის ფარგლებში იმავე გამოქვეყნების წესს დაუქვემდებაროს სხვა სახელმწიფოს ავტორიზებული პირების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო მონაცემები.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.