იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.