დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რომ ცვლილება ითვალისწინებს სასერტიფიკაციო ნიშნის, როგორც სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი სახის შემოღებას და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით „საქპატენტის” ცალკეული ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერების დახვეწას. კონკრეტულად, კანონპროექტის მიღებით ევროკავშირის სტანდარტებთან მეტად ჰარმონიზებული გახდება სასაქონლო ნიშნების კანონმდებლობა. ცვლილებების შედეგად გამარტივდება ექსპერტიზის პროცედურა, როგორც „საქპატენტის” ექსპერტებისთვის, ისე განმცხადებლებისთვის. ასევე, ერთი თვით შემცირდება სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის ჩატარების ვადა.
დარეგულირდება სასერტიფიკაციო ნიშნებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. ცვლილებების პროექტით გაზიარებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკა და სასაქონლო ნიშნის წარდგენისათვის სავალდებულო მოთხოვნა აღარ იქნება სასაქონლო ნიშნის გრაფიკულად გამოსახვა. გაზიარებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკა და სარეგისტრაციოდ სასაქონლო ნიშნის წარმოდგენა მხოლოდ ისეთი ფორმით იქნება სავალდებულო, რომ ნათლად და მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული და გასაგები მისი არსი.
მუხლობრივი განხილვის შემდეგ კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.