ტორონტოს ზოოპარკში მობინადრე ორანგუტანგებს პლანშეტებს დაურიგებენ, რომელშიც სპეციალური პროგრამა “Apps For Apes” (პროგრამა პრიმატებისთვის) იქნება დაყენებული. ახალი სათამაშოს საშულებით მაიმუნები მოუსმენენ მუსიკას, ეკრანზე სხვა ვოლიერებში მყოფ ცხოველებს დააკვირდებიან და ერთმანეთს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაეკონტაქტებიან.
სპეციალისტების აზრით, ინფორმაციის დიდი ნაკადი სასარგებლო იქნება ზოოპარკში დაბადებული ცხოველების გონებრივი განვითარებისთვის. ზოოპარკის მესვეურთა თქმით, ვიდეოკავშირის დამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი კანადური ზამთრის პერიოდში, როცა ცხოველებს დახურულ შენობაში უწევთ ყოფნა.
მილუოკის ზოოპარკში სენსორული ეკრანის გამოყენების გამოცდილება უკვე არსებობს. აქ დედა მაიმუნი და მისი შვილი ვიდეოკავშირის საშუალებით ცალკე მცხოვრები მამა მაიმუნის ქცევებს აკვირდებიან. ზოოლოგები ირწმუნებიან, რომ დედა-შვილი ადვილად ცნობს მას და საკუთარი გამოსახულებისგან ასხვავებს.
ამჟამად, პლანშეტების საიმედო ყუთებში ჩამაგრების მეთოდზე მუშაობენ, რათა მათმა მფლობელებმა ისინი არ დააზიანონ.
ავტორი