“აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო”,_ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უნებართვოდ შეაღწიეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშზე და 58 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.































































