„ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი”,_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას თავად და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრებიან, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას – პარლამენტის თავმჯდომარე ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიციები სუსტია და ეს 7 ივნისს გამართულ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზეც დადასტურდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას არ უკვირს, რომ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას თავს არიდებს.
„ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. ეს დადასტურდა მათ შორის გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე. თქვენ გახსოვთ, რომ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გვესმოდა აბსოლუტურად დრამატული შეფასებები. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს თავდაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფერხებს საქართველო სვლას ნატოსკენ, თითქოს ეს გამოიწვევს მორღვევას ინსტიტუციური სისტემის. აღმოჩნდა, რომ არსებული პროექტი გამოიწვევს არა ამას, არამედ პირიქით-თვისობრივ გაუმჯობესებას იმ რეგულაციების, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციაში, პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.