კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 28 ივნისს იგეგმება.
შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს შორის პარლამენტში დღეს გაიმართა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ ოპოზიციას გააცნეს პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს შარლ მიშელის დოკუმენტიდან. პროექტით წარმოდგენილია სამი ძირითადი ცვლილება.
ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის 2 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დგინდება. იცვლება საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესი და ნაცვლად შვიდისა 4 წევრით განისაზღვრება. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
„პროექტში სიტყვა-სიტყვით არის გადმოტანილი შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი. პროექტი საერთო თანხმობით ორშაბათს დაინიცირდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ახალი ნორმები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება.