ქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა.
იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ.
„ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის სულ 1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1088, ხოლო გარდაცვლილი – 17.































































