ფოთში ამდროისთვის თვითიზოლაციაში სულ 12 ადამიანია, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ განუცხადა. ზინაიდა გაგუას თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“დღეისათვის 12 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციის რეჟიმში. ყველა მამაკაცია. აქედან ერთი 40 წლამდე ასაკისაა, ის ესპანეთიდან ჩამოვიდა, დანარჩენები 18-დან 42 წლამდე ასაკის არიან და ისინი გერმანიიდან დაბრუნდნენ. თითოეული მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გუშინვე მოხდა ყველა საიზოლაციო სივრცის შეფასება და აკმაყოფილებს რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თვითონაც ძალიან გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს, მკაცრად იცავენ თვითიზოლაციის წესებსა და სათანადო პირობებში იმყოფებიან. ჯერ კლინიკურად არანაირი გამოვლინება არ აქვთ“, _ განაცხადა გაგუამ.