ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება. ამიტომ, როგორც გაბუნია ამბობს, სიფრთხილეა საჭირო. გაბუნიამ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურების შესახებ. სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ტამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის დადასტურების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.