ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, ყველაზე მეტი შემთხვევა ამ დროისთვის ქალაქის ტერიტორიაზეა გამოკვეთილი.
„ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა ქალაქის ტერიტორიაზე. ინფიცირებულებს შორის არიან სხვა დამსვენებლები, სტუმრები. სოფლებში თითქმის თანაბარი რაოდენობითაა ინფიცირების შემთხვევები განაწილებიული“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა და აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა ხალხის უპასუხისმგებლობას და რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდება.
„ინფიცირების შემთხვევების ზრდა რეგულაციების შემსუბუქებამ, გახშირებულ სარიტუალო ღონისძიებებმა, ნიღბის არ ტარებამ, ხალხის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 2741 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2373 ადამიანი, გარდაცვლილია 40.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 328 შემთხვევა, საიდანაც 30 პაციენტი კლინიკაში, 1 სასტუმროში, 297 ბინაზე მკურნალობს.
მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ ინფიცირებულებიდან რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.
[sexy_author_bio]