ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ჩოხატაურელი, ავთანდილ ოსეფაიშვილი გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი კვირის წინ შეიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. ექიმების განცხადებით, პაციენტს პნევმონია და სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ცნობისთვის, ავთანდილ ოსეფაიშვილი ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა.
ოსეფაიშვილის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიია.
„#59 საოლქო საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონ ავთანდილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. საოცარი ადამიანური თვისებებითა და ფასეულობებით. #59 საოლქო საარჩევნო კომისია უსამძიმრებს ავთანდილ ოსეფაიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“, _ ნათქვამია განცხადებაში.
“გურია ნიუსი” სამძიმარს გამოთქვამს საუკეთესო პიროვნების, კარგი ჩოხატაურელის ავთანდილ ოსეფაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.