კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა.
„ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 – მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. (R)