ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ხვალ, 11 ოქტომბერს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მოხდება 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა გადასვენება.
14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.
გამოსვენება – 12 ოქტომბერს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.