ახლახან „გურია ნიუსი“ წერდა, რომ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე განთავსებული სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების გამო, მძღოლების დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა. სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პროტესტი განსაკუთრებული კატეგორიული ტონით გამოთქვეს ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებმა. ეს ქუჩა კოსტავას ქუჩის პარალელურად მდებარეობს და აქ მცხოვრებლები სასწრაფოდ ითხოვენ აქაც მოძრაობის შემანელებელი ბუგორების დადგმას.
_ რამდენი ადამიანი შეეწირა კოსტავას ქუჩაზე უსწრაფეს მოძრაობას და ახლა ბათუმის ქუჩა უნდა იდგეს კატასტროფის მოლოდინში? გადმოინაცვლეს აქეთ, უფრო სწორად კოსტავას ქუჩა ბათუმის ქუჩაზე გადმოიტანეს ამ კომფორტის და სისწრაფის მოყვარულმა უსინდისოებმა. იარონ ნელა ნახევარ კილომეტრ მანძილზე, რამდენი დრო უნდა მოიგონ, რომ ასე მილიწინობენ? მანქანა გაგვიფუჭდებაო, უი, ბოდიში, ადამიანს რომ მიასამარებ, ის კარგია? რამდენი ფაქტი იყო კოსტავას ქუჩაზე, როცა ტროტუარზე შევარდა მანქანა და საკუთარ ჭიშკართან მოკლა ადამიანი. კატეგორიულად ვითხოვთ, დაიდგას აქაც შემანელებელი “ბუგორები”, – ამბობენ ისინი.
_ დიახ, ვითხოვთ “ბუგორების” დადგმას. უკვე ოზურგეთის მერიაში ვიყავით, შევიტანეთ განცხადება ოცდაათამდე მცხოვრებმა. არ გავჩერდებით, სანამ არ გააკეთებენ. ზაფხულში აქ საშინელება მოხდება, როცა ხალხი გარეთაა. ახლა ცივა და შინ არიან, სითბოში. მაინც ბავშვებს დავდევთ, სულ გარეთ ვიყურებით, რომ ქუჩაში პატარები არ მოდიოდნენ. ბევრი ოჯახია აქ, სადაც სამი-ოთხი მცირეწლოვანი ჰყავთ. სასწრაფოდ მისახედია ეს საქმე და ვიმედოვნებთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია დააკმაყოფილებს ჩვენს თხოვნას. ძალიან კარგი ჰქნეს, რომ კოსტავას ქუჩაზე დადგეს ხელოვნური ბარიერები, – გვითხრა ბათუმის ქუჩის მცხოვრებმა მზია დარჩიამ.
ჩვენ დღის განმავლობაში ვიდექით ბათუმის ქუჩაზე, რომელსაც რკინიგზაც სიგრძივად მიუყვება და შუაზე ჰყოფს. ვნახეთ, რომ არათუ მსუბუქი მანქანები, სამგზავრო ავტობუსები და ტრაილერებიც უკვე ამ ქუჩაზე მოძრაობენ და სავსებით სამართლიანი უნდა იყოს ბათუმის ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნა.
მალე ჩვენ უფრო ვრცლად გავაშუქებთ ამ საკითხს.
ავტორი