ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა Covid 19-ის დიაგნოზის მქონე ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, დღეს ახალი პაციენტი არ დამატებიათ, ხოლო საავადმყოფო კლინიკის რეანიმაციულ სექტორში მყოფი პაციენტი თერაპიულ სექტორში გადავიდა.
“ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი. Covid 19-ის დიაგნოზის მქონე არის 68. გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია. რეანიმაციული პაციენტი გადავიდა პალატაში და განაგრძობს თერაპიულ მკურნალობას. 9 პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყვარლიდან ჩამოყვანილი სამედიცინო პერსონალი არის სწორედ ის შემთხვევა, როცა საჭირო გახდა დამატებითი ღრმა კვლევა, რადგან კლინიცისტების ჩარევით საჭირო იყო გადახედვა ხელახალი კვლევის. ქალბატონი გადაიყვანეს კარანტინში, დადასტურებული არ არის. არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“- განაცხადა სოლოღაშვილმა.